გოგიჩაიშვილი – დეპუტატი, რომელსაც აქვს კაზინო, არ შეიძლება იყოს დეპუტატი… მაფიას ფეხი უნდა მოტყდეს (ინტერვიუ)

კორუფციული გარიგება სათამაშო ბიზნესის წარმოამდგენლებსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის – აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვის კანონპროექტის ინიციატორს, ლევან გოგიჩაიშვილს მიაჩნია, რომ შესაძლოა, “ქართული ოცნების” დამფინანსებლებს შორის სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებიც იყვნენ, იმ ბიზნესის, რომელთა უკანაც ე.წ. კანონიერი ქურდების ინტერესებიც შეიძლება იდგეს. ამ და სხვა თემებზე “მეტრონომთან” ინტერვიუს დროს პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ისაუბრა.

მეტრონომი: როდის დაიწყო აზარტული თამაშებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა?

ლევან გოგიჩაიშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანია ისტორია, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენ 2017 წელს შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა ემსჯელა, ზოგადად, რეგულაციებთან დაკავშირებით და იმ ხვრელების აღმოსაფხვრელად, რომელიც იწვევდა პრობლემებს. მაგალითად, არასრულწლოვნების მასობრივი ჩართულობა, ფულის გათეთერების რისკები და ა.შ. მაშინ მამუკა ბახტაძე რკინიგზის დირექტორი იყო, პრემიერი იყო გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი და ამავდროულად, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო. როდესაც ეს პროცესი დავიწყეთ, ქუმსიშვილმა შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც არ იყო კარგი კანონპროექტი. ფაქტობრივად, იყო დეკორაცია. არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს საოზგადოებაში დგას. ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა, ძალიან სერიოზული კამათიც გვქონდა მთავრობასთან ამის ირგვლივ. რაც მაშინ მე გავაკეთე იყო ის, რომ შევქმენი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ქუმსიშვილის კანონპროექტი დაიბლოკა და დაიწყო ახალ საკანონმდებლო აქტზე მუშაობა.

პრინციპში, ახლანდელი კანონპროექტი კარგი ვარიანტია, რომელიც მთავრობას წელიწადნახევარია შემოტანილი აქვთ და ჯერ არც დაწყებულა განხილვები. მერე უკვე მამუკა ბახტაძე გახდა ფინანსთა მინისტრი, მან მხარი დაუჭირა თავის პოზიციას, რადგან ფინანსთა სამინისტროს საკურატუროა კაზინოები და რეგულაცია, შემდეგ ბახტაძე გახდა პრემიერი და დღეს ხვალ, დღეს ხვალ და გავიდა ერთი წელი, სანამ ეს კანონპროექტი პარლამენტში აღმოჩნდებოდა. პარალელურად, სამუშაო შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, საპატრიარქოცაა ჩართული, ის კომპანიის წარმომადგენლებიც, რომლებიც უშუალოდ ამ სერვისებს აწვდიან საზოგადოებას. გაჩნდა ესეთი იდეა, რომ მოდი, კომპანიები რეკლამის ნაწილში შევზღუდოთ. მე მთხოვეს და რადგან ინიცირების საშუალება მქონდა, კანონპროექტი გამზადდა.

მეტრონომი: ძირითადად, რა აკრძალვები იყო კანონპროექტში ჩადებული და ვისზე გავრცელდებოდა შეზღუდვა?

ლევან გოგიჩაიშვილი: რეკლამის მომენტიც იყო, გადარიცხვების კანონშიც იყო ცვლილება. ასევე იყო ცვლილება, რომ უცხოურ საიტებზე იკრძალებოდა, მაგალითად, თქვენი საბარათე ანგარიშით ვერ ითამაშებდით ლეგალურად. პრინციპში, რეკლამის აკრძალვა უნდა მომხდარიყო ყველგან. სპორტულ კლუბებს მაისურებზე შეეძლოთ დაეწერათ კომპანიები. იმის იქით ყველაფერი იკრძალებოდა. სახელმწიფოს კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმიც არსებობდა. ვერსად ვეღარ ნახავდით რეკლამებს – ვერ ფეისბუქზე, ვერც ინსტაგრამზე, ვერ ტელევიზორში, რადგან იმხელა ჯარიმა ეკისრებოდა კომპანიას, რომ არ უღირდა ამის გაკეთება. 5 000 ლარიანი რეკლამის გაკეთება დაუჯდებოდა ნახევარი მილიონი. იმდენად გამართული მექანიზმი შევთავაზეთ, რომ მარტივად შეეძლოთ აღსრულება. დღეს ვეღარსად ვერ ვნახავდით მათ რეკლამებს. ეკონომიკური “ტორმუზია”, ადამიანის “ტორმუზია”. როდესაც ადამიანი თამაშზეა დამოკიდებული, მას თავის პრობლემები აქვს და ეკონომიკური თვალსაზრისით, არ არის ეფექტური. კარგი არაფერი არ აქვს სათამაშო ბიზნესს. ეს არ არის ბიზნესი, ეს არის მთავრობის მიერ, უკაცრავად და “გაპრავებული” სათამაშო ბიზნესი. ეს იყო რეკლამის კუთხით. დანარჩენი მთავარი რეგულაციები, რომლებიც ძალიან კარგადაა ჩამოწერილი, იყო დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ ამბავი. ალბათ, 99% ჩვენ შევძლებთ დადგენილი ასაკობრივი ზღვრის ქვემოთ არსებული ბავშვების გაკონტროლებას. რეგისტრაცია მოხდება. თქვენ უნდა მიხვიდეთ შემოსავლების სამსახურში და დარეგისტრირდეთ როგორც მომხმარებელი, ხოლო შემდეგ ამ ყველაფერს სახელმწიფო აღწერს, ელექტრონულად ამ ახალგაზრდებს შეზღუდავს.  ჩვენ ასევე თვითაკრძალვის მექანიზმი შემოგვქონდა. ოჯახის წევრს შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა. სასამართლოს მოკლე ვადაში უნდა ემსჯელა – შეეყვანა თუ არა ეს პიროვნება შავ სიაში. განხილვის პერიოდში კი პირი უკვე ავტომატურად იყო შავ სიაში. კარგი არის, რომ ოჯახს სახელმწიფოს ძალით ლეგალური გზით შეეძლება ოჯხაის წევრს თამაშის საშუალება მოუსპოს. გარდა ამისა, ყველა საჯარო მოხელე, რომელიც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ავტომატურად შავ სიაში მომხდარიყო და მეორე რანგის ბიუროკრატადაც ვერ დაიწყებდა მუშაობას თუ არ მოიტანდა ცნობას, რომ შავ სიაშია. კანონის ძალით არ ერქმეოდა, მაგრამ ჩვენ დავარქმევდით ე.წ. შავ სიას და იქ მყოფი ადამიანები, საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ვერსად შეძლებდნენ თამაშს. აკრძალვა უნდა გავრცელდეს სოციალურად დაუცველ პირებზეც – ვინც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებს დახმარებას. ეს არის ძალიან დიდი ციფრი.

მეტრონომი: რა შედეგს მოიტანდა რეგულაციები, რა მოლოდინები იქნებოდა?

ლევან გოგიჩაიშვილი: სავარაუდოდ, რეგულაციების შემდეგ, პირველ წელს აზარტულ თამაშებს მომხმარებლების 30% მოაკლდებოდა. დანარჩენი, სხვადასხვა კამპანიებითა და მექანიზმებით, ვფიქრობდით, რომ მომხმარებელთა რაოდენობა 70%-ით შემცირდებოდა. ეს არის ახალცხოვრებადაბრუნებული ადამიანებიც და ოჯახებიც. პლიუს, 7%-იანი ბრუნვა 9%-მდე უნდა გაზრდილიყო. ხელისუფლება ბრუნვის გადასახადს 7%-ს ახდევინებს სათამაშო ბიზნესს და ეს უნდა გაზრდილიყო, რაც ბიუჯეტში დამატებით 50 მილიონი იქნება. ამას  უნდა დამატებოდა მოსაკრებლის გადასახადის გაზრდა. აი, ამ ყველაფერზე ითქვა უარი.

მეტრონომი: როგორ ფიქრობთ, რატომ ითქვა უარი და ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს სათამაშო ბიზნესის უკან?

ლევან გოგიჩაიშვილი: ეს არის ძალიან დიდი ფული. მკითხველმა რომ იცოდეს, აზარტული თამაშების წლიურმა ბრუნვამ ექვს მილიარდს გადააჭარბა, ეს არის უდიდესი ფული და უდიდესი ინტერესი. როგორც ჩანს, ამ ინტერესს ფეხი შედგმული აქვს როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში და ასევე, ალბათ, პარტიაში.  იმიტომ, რომ შეიძლება, ეს ადამიანები, მე არ მქონდა გაგონილი, მაგრამ ახლა ვეჭვობ, რომ შეიძლება “ქართული ოცნების” დამფინანსებლები იყვნენ. არსებობს საშუალება, რომ ფული მიიტანო პარტიაში და ეს აუდიტის სამსახურისთვის ცნობილი არ გახდეს. მე არ მინდოდა ამის დაჯერება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ეჭვი მიჩნდებოდა. ამაში დავრწმუნდი რეკლამის კანონის დროს, როდესაც კომპანია “ალმას” წარმომადგენლები პარლამენტში კარდაკარ დადიოდნენ და ყველა დეპუტატს ესაუბრებოდნენ. ჩემთანაც ქონდათ შეხვედრის სურვილი, მაგრამ მე როგორც კანონპროექტის ავტორი მათ არ შევხვდი. მე მათ ვუთხარი, რომ არაოფიციალურად არ შევხვდებოდი. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, როდესაც ხვდები ადამიანებს, რომელტაც კონკრეტული საჯარო ინტერესის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ. მე მათ ვუთხარი, რომ ან შევხვდებოდი ოფიციალურ წარმომადგენელს ან არაოფიციალური შეხვედრა არ იქნებოდა. არაოფიციალური შეხვედრა, ალბათ, დამთავრდებოდა რაიმე შემოთავაზებით, ან გარიგების მცდელობით, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისინი დამთანხმდნენ და ბიზნესმენთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორს ოფიციალურად შევხვდი. კომპანია “ალმამ” მიმართა ბიზნესმენთა ასოციაციას და ეს აბსოლუტურად დასაშვებია, ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. ირაკლი ავალიშვილს შევხვდი და ვუთხარი, რომ არ მიმაჩნია სწორედ რაღაც მომენტებში უკანდახევა. ავალიშვილი ადამიანურად ჩემს მხარეს იყო, უბრალოდ, ჩემგან პასუხი მიიღო. აბსოლუტურად, ყველანაირ მორალურ და ეთიკურ ნორმაში ჩამჯდარი შეხვედრა იყო.

მეტრონომი: კონკრეტულად რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს ხომ არ ქონდა ინტერესთა ჯგუფებთან შეხვედრა?

ლევან გოგიჩაიშვილი: შემდგომ იყო ის, რომ კანონპროექტი ჩავარდა. უშუალოდ ირაკლი კობახიძემ მოუწოდა უმრავლესობას, რომ კანონპროექტი ჩავარდნილიყო. მე დადასტურებლად გეუბნებით, რომ კობახიძეს შეხვედრები ქონდა ამ ჯგუფთან. ყოველ შემთხვევაში, განიმსჭვალა მათ მხარდასაჭერად. მერე ხდება ის, რომ კომპანია “ალმა პლიუსს” ქალაქის მერია აბსოლუტურად გაუგებრად აძლევს სამართავად 20 წლით მთელ გარე რეკლამას.  აქ კონკრეტული ფაქტები არ გაქვს, მაგრამ რომ იცი ამ ადამიანების ტვინები როგორ მუშაობს, სიხარბე და კორუფციული მიდრეკილებები, შეგიძლია კარგად ააწყო, რომ აქ არის სერიოზული სქემა. ერთი მხრივ არის რეკლამა და მეორე მხრივ კომპანიები, რომლებიც ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობაში არიან. კობახიძემ თავისას მიაღწია და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის კორუფციული შეთანხმება. მერია “ალმა პლიუს” გარერეკლამაზე 20-წლიან მონოპოლიას აძლევს. ანტიმონოპოლიური სამსახური იკვლევს ამ ყველაფერს, მაგრამ აქვს უნარი ხადურის უწყებას, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს? ისე არის უკანონობა აზელილი ამ ქვეყანაში რომ, თავსა და ბოლოს ვეღარ გაარჩევ. ამ ქვეყანაში კანონი აღარ მოქმედებს. კანონი რომ მოქმედებდეს და ღირსების შეგრძნება არსებობდეს, შეიძლება ინტერესთა კანონები გადიოდეს პარლამენტში?

მეტრონომი: რამდენად მისაღებია ხელისუფლების წევრებისა და სათამაშო ბიზნესის წარმოამდგენლებს შორის თანამშრომლობა?

ლევან გოგიჩაიშვილი: ეს კიდევ ცალკე უბედურებაა, რადგან ყოველთვის ყველა ხელისუფლება გაურბის ამ ტიპის ბიზნესთან თანამშრომლობას, რადგან ეს არ ითვლება მაღალი რეპუტაციის მქონე ბიზნესად. ბევრ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესს კრედიტსაც არ აძლევენ და სახელმწიფო ბენეფიტებითაც არ სარგებლობენ. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, კაზინოს მფლობელ ადამიანთან ურთერთობა არ დაიჭიროს. მხოლოდ გადასახადების აკრეფის მომენტსა და უკანონობის დროს აქვს სახელმწიფოს კაზინოსთან შეხება. ის, რომ პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან დარბოდნენ ეს ადამიანები, ბანანის ქვეყანაც აღარ იქცევა ასე. თავმოყვარე სახელმწიფო, რომელსაც აქვს პრეტენზია ევროკავშირსა და ნატოზე და იმ სტანდარტებზე, რომელიც ევროკავშირშია არ იჭერს საქმეს სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ეს საქმე ყოველთვის კრიმინალთანაა დაკავშირებული. კარგი კვლევები რომ გააკეთოთ ამ ბეთების, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ვიღაცეების ფულები ამ ბიზნესით თეთრდება. კარგად რომ ჩავიდეთ სიღრმეში, შეიძლება ვიღაც ოდიოზური ე.წ. კანონიერი ქურდების ინტერესებიც აღმოვაჩინოთ. ხელისუფლება ერთი ხელით ე.წ. კანონიერ ქურდებს ებრძვის და მეორე ხელით, მათ მიერ მხარდაჭერილ, ფინანსურად გამაგრებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს.

მეტრონომი: პარლამენტში თქვენი კითხვის პასუხად პრემიერმა მამუკა ბახტაძემ უმარვლესობის წევრებს მოუწოდა რაც შეიძლება მალე მიიღონ აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი. როგორ ფიქრობთ, დამტკიცდება უახლოეს ხანში კანონპროექტი?

ლევან გოგიჩაიშვილი: ყველანაირი გარიგება ინგრევა თუ ერთის მხრივ საზოგადოებრივი აზრია და საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლებას აიძულებს გარიგება არ შედგეს. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ კანონი არ იყოს დაჩეხილი. თუ ის პრინციპები არ იქნება რაზეც შევთანხმდით, ჩათვალეთ, რომ მის მირებას აზრი არ აქვს.

მე ძალიან სერიოზულად ვემზადები. ბახტაძე დაახლოებით 1 კვირის წინ გამოვიდა. იცით რამდენი ხანი უნდა კანონი რომ აღსრულდეს პრემიერი თუ მოისურვებს? 1 კვირა ჭირდება. კანონპროექტი 1 კვირაში იქცევა კანონად. როდესაც მთავრობას სურს, დაჩქარებული წესით, კანონპროექტი ორ დღეში გააქვთ. ეს არის ყველაფერი ფარსი, მაგრამ მათ ამ კანონის მიღება მოუწევთ. გამორიცხულია ეს კანონი ჩავარდეს. საზოგადოებრივი აზრი რას ნიშნავს, მარიხუანას კანონპროექტი რომ ჩავარდა, სანამ ეს კანონპროექტი ძალას მიიღებდა ის უკვე ჩავარდნილი იყო. იმიტომ, რომ ჩვენ, ი ადამიანებმა, რომელთაც უმრავლესობა დატოვეს ვუთხარით ივანიშვილს, რომ ეს კანონპროექტი ვერ გავიდოდა. შემდეგ საპატრიარქოც ჩაერია და კანონპროექტი დაამხეს უმრავლესობას თავზე. იგივე მოუვათ ამ შემთხვევაში. ეს არის მაფია და მაფიას ფეხი უნდა მოტყდეს. დეპუტატი, რომელსაც აქვს კაზინო, არ შეიძლება იყოს დეპუტატი, ეს არ შეიძლება.

2019 წლის 5 აპრილს პარლამენტმა რეკლამის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ჩააგდო. მისი ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი იყო.

უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტის პათოსს ეთანხმება, თუმცა უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, რადგან ეთანხმებიან აზარტული თამაშების რეკლამები არა 200 მეტრის რადიუსში აკრძალვას, არამედ შეზღუდვას.

31 მაისს პარლამენტში პრემიერი მამუკა ბახტაძე მივიდა, რომელსაც გოგიცაიშვილმა აზარტული თამაშების შესახებ არსებულ კანონპროექტზე კითხა: “ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციებს, რომელსაც თქვენ შეგვპირდით ერთი წლის წინ და ყოველთვიურად აჭიანურებთ. ჩვენც გვატყუებთ, საპატრიარქოსაც ატყუებთ და საქართველოს მოქალაქეებსაც. ყოველი მეორე ახალგაზრდაა ჩართული აზარტულ თამაშებში. რა გახდა ამ მაფიის გადატეხვა, რა გაუბედაობაა. თქვენ ჩემზე კარგად არ იცით, რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა? რა გახდა ამ აზარტული თამაშების რეგულაციების შემოტანა ან რა იყო იმ რეკლამის კანონის ჩაგდება? ბატონო მამუკა, შემოიტანეთ აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციები”.

საპასუხოდ კი ბახტაძემ უმრავლესობას მოუწოდა დროულად მიიღონ აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *