ვილნიუსში დაბადებული 23 წლის ქართველი თბილისში ფეხით ჩავა

ვილნიუსში დაბადებული ქართველი თბილისში ფეხით ჩავა. 23 წლის ნიკო ამირგულაშვილმა მოგზაურობა ლიეტუვაში საქართველოს საელჩოდან დაიწყო. მასთან ერთად პირველი რამდენიმე კილომეტრი მისმა ახლობლებმა და მხარდამჭერებმაც გაირეს. მათ შეუერთდა ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოს წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც საქართველო-ლიეტუვის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის თავმჯდომარეა.

როგორც თავად ნიკო ამირგულაშვილი აცხადებს, მის მოგზაურობას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ამით ის საქართველოსა და ლიეტუვას მეგობრობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

გეგმის მიხედვით, ამირგულაშვილი მოგზაურობის დროს პოლონეთსა და უკრაინას გაივლის. ის 2000 კილომეტრის გავლას სამ თვეში აპირებს და თბილისში აგვისტოში ჩავა. მოგზაურობის შესახებ ახალ ამბებს ამირგულაშილი სოციალური ქსელ „ფეისბუქით“ გაავრცელებს.

მოგზაურობის დაწყებამდე ამირგულაშილი ვილნიუსის მერმა მიიღო. რიმისგიუს შიმაშიუსთან შეხვედრაზე ამირგულაშვილმა დაგეგმილი მარშრუტის და საქართველოსა და ლიეტუვის ურთიერთობების განმტკიცების შესახებ ისაუბრა. ვილნიუსის მერმა ქართველ ახალგაზრდას თბილისი მერის სახელზე წერილი გადასცა, რომელსაც ამირგულაშილი კახა კალაძეს თბილისში გადასცემს.

წყარო – საქართველოს პირველი არხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *