ირაკლი ჩიქოვანი: ამერიკისა და საქართველოს მთავრობები იზიარებენ პოზიციას, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის

ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა საქართველოში, ისინი მიესალმებიან იმ გარემოს, ეკონომიკურ ვითარებას და საგადასახადო თვალსაზრისით არსებულ პირობებს, რომელიც საქართველოშია.

„ამერიკისა და საქართველოს მთავრობა იზიარებენ იმ პოზიციას, რომ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ეს პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ მოხდა ამის განსაზღვრა, რადგან ჩვენ გვაქვს თანხვედრა – შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას – რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და სარგებელი მოიტანოს საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტამდე იმყოფებოდა რამდენიმე ქალაქში – სან-ფრანცისკოში, სიეტლში, მიემგზავრება დალასში და ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლობა და ინვესტორთა მნიშვნელოვანი ნაწილია კონცენტრირებული. ისინი მიესალმებიან იმ გარემოს, ეკონომიკურ ვითარებას, და საგადასახადო თვალსაზრისით არსებულ პირობებს, რომელიც საქართველოშია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა საქართველოში და ამერიკელი ბიზნესმენები და ამერიკელი მეწარმეები შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, „ყველას კარგად ესმის, რომ რეგიონში საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც არასდროს არ გაუცრუებია იმედები და შესაბამისად, ბიზნესიც იქნება კეთილგანწყობილი ამ პარტნიორობიდან გამომდინარე“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *