სოზარ სუბარი: მადლობა ელგუჯა გოცირიძეს იმ დამსახურებისთვის, რასაც იგი საჯარო სკოლების, პედაგოგებისა და კურსდამთავრებულებისთვის აკეთებს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ტყიბულისა და თერჯოლის საჯარო სკოლების დამსახურებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს.

საჯარო სკოლების პედაგოგებთან და კურსდამთავრებულებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატს ელგუჯა გოცირიძეს იმ დამსახურებისთვის, რასაც იგი ტყიბულისა და თერჯოლის საჯარო სკოლების, პედაგოგებისა და კურსდამთავრებულებისთვის აკეთებს.

„სიტყვა დამსახურება შეიძლება არასწორია, მაგრამ ეს არის კაცი, რომელიც გრძნობს, რამხელა მნიშვნელობა აქვს განათლებას და ამიტომაც აიღო თავის ერთ-ერთ მიმართულებად ბავშვებთან მუშაობა. ეს არ არის მხოლოდ სტიპენდიები, ეს არის სკოლებისთვის და პედაგოგებისთვის გაწეული დახმარება, ეს არის კომპიუტერული კლასი, რომელიც ბავშვებს თანამედროვე მიღწევებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. აღარ დავასახელებ იმ მოსწავლეების გვარებს, რომლებსაც სწავლის შეწყვეტა უხდებოდათ უნივერსიტეტში იმის გამო, რომ გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ესენი წარმატებული მოსწავლეები იყვნენ, მაგრამ ოჯახის შენახვის საშუალება არ ჰქონდათ. შეიძლება, სწავლის ფული გქონდეს, მაგრამ ოჯახს სჭირდება შენი დახმარება და ასეთ დროს გვერდში დგომა არის ძალიან დიდი სიქველე და ძალიან დიდი სიკეთე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, საქართველოს მომავალი განათლებულ ახალ თაობაზე გადის. ამას სჭირდება ფინანსები, რესურსი და ეს რესურსი არის სწორედ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მთავრობამ და პარლამენტმა ერთად მიიღეს.

2018-2019 სასწავლო წლის დასრულება დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს მიულოცა და მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,‭ ‬რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდნენ.‬‬‬‬‬

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *